წმინდა ნინო


ისე დიდია სიწმინდე შენი
რომ დღესაც კრძალვით ვკოცნით ნაფეხურს
ქართულ მიწაზე რომ დაამჩნიე შიშველი ფეხით...
წინ მოგიძღვოდა ჯვარი რამეთუ,
საკუთარ თმისგან შეკრულ ლერწების_
მას შემდეგ ვაზიც სიწმინდე გახდა ქართველი კაცის;
მტერი კი წახდა, წახდა, წახდა...
იმძლავრა მაინც,
მობრუნდა გზიდან და
ვერ მივართვით
ვაზისფესვებგადგმული მიწა,_
არამი იყო.

ხშირად ამბობენ, დრო არისო დაუსაბამო_
სულ მიდის, მიიდის...
მე ეგ არ ვიცი.
ვიცი მხოლოდ, რომ ერთ საღამოს,
შესაყართან მტკვრის და არაგვის,
ერთ მაყვლის ბუჩქთან
ეგ დროც გაჩერდა...
"ჩამოჰკრეს ზარებს მომავალის საქართველოში".

და დაგვამადლე ფრთებდახრილი ჯვარი, წმინდანო.
"ჯვარი ნინოსი"_ასე უწოდა მას თავად ერმა.
არავინ უწყის, ასე რატომ გამოგვარჩიე.
სიამაყისთვის ხომ არ მოგვეც ჯვარი ასეთი,_
თავმდაბლობა გვესწავლა ცოტა...
თუ, ერის ტვირთის სიმბოლოა, თანდაყოლილის?
იქნებ ამან დადრიკა ჯვარი...
და მაგ ვაზიდან ბოლო ცრემლი სადაც ჩამოწყდა,
(ვაზის ცრემლებზე ზვარში გავლილს ახლაც მაბოდებს)
იქ სათავეა ქართველ დედის ცრემლის წყაროსი.

მერე კი, მერე:
ყოველ მთის წვერზე შენს ჯვარს ვდამდით, წმინდანო, რათა
არ შეხებოდა მტრის სიბილწე შენს წმინდა კალთებს,
ზღვა ცრემლის ფასად, სისხლის ფასად_ზღვა სისხლის ფასად_
დღემდე მოვედით.
დღესაც დიდი სიფრთხილე გვმართებს.
ისევ მოგვხედე, ისევ, რამეთუ,
ისე დიდია სიწმინდე შენი,
რომ დღესაც კრძალვით ვკოცნით ნაფეხურს,
ქართულ მიწაზე რომ დაამჩნიე შიშველი ფეხით.

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი