სადაც გზები არ იკვეთება


ისევ მაისმა გამომისვა ყელში ბრჭყალები
და ყაყაჩოებს ბღუჯა-ბრუჯა ვისვრი მინდვრებზე.
ახლა ვის უნდა შებრალება, რომ გებრალები!
არ მინდა ასე სურათივით უხმოდ მიმზერდე!

არ მინდა ისევ მარტვილივით შევხვდე ალიონს
და ხიდზე შემდგარს მეშინოდეს წყლისკენ გახედვის,
ან წყაროს პირთან რომ ვინატრო_სული დავლიო,
ტაძარში ხატებს რომ გადავცე თავი თავხედი_

არ მინდა! ისეც ანათემას მიმცეს ვერხვებმა,
როცა სულმწარე ამწვანებულ ტოტებს ვლეწავდი...
რად დამაღირსე მაგ ბაგეზე ერთი შეხება?
რად დამიმალე, სალამურას, ტანი_ლერწამი?!

რად გამიცივდი, რად გამცილდი, როგორც კეთროვანს,
რად ამიმღვრიე ღელესავით სისხლი ტიალი,
რომ სულში ასე ზამთარ-ზაფხულ დარდებს ეთოვა?..
ცხოვრების ჩარხი ასე რატომ შემიტრიალე?!

დუმილით დამხრჩვალს ერთი სიტყვა მაინც მაღირსე.
ეგ მშრალი ცრემლი ზღვის წყალივით, სურვილს აგიჟებს.
წუხელ სიზმარში წამოიქცა ჩემი ალვის ხე...
მო, სანამ ვდგავარ, ჩემს ჩეროში შემოაბიჯე,

რომ წამით მაინც ვნახო ჩემით როგორ მევსები,
კვლავ სისხლისფერი გათენება იგრძნონ ფესვებმა,
ფასკუნჯებივით შემისვამენ მერე ლექსები
და გამაფრენენ_სადაც გზები არ იკვეთება.

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი