გვიანი გაზაფხული


ეს გაზაფხულიც ისე გავიდა,
ვერ მოვეფერე ვაშლის ხეზე ფეხმძიმე კვირტებს,
ვერ შევუმშრალე ნება-ნება ცრემლები ვაზებს,
ვერ შევისუნთქე ახალმოხნული მიწის სუნი და შავი სითბო,_
ვერ მოვასწარი...
და გულდამწყდარი
ქალაქის ვიწრო, ბნელ ქუჩებში ხეტიალისას
შენ შეგეფეთე_გვიან გაზაფხულს...
პროზაულია?
ვიცი, ამ ლექსს არ მომიწონებ.
ან რა ლექსია, აჩხა-ბაჩხა სიტყვების გროვა;
ან ეს ხმოვნები ნახე, როგორ უგულოდ ყრია,
როგორც ხურდა მათხოვრის ქუდში...
და მაინც გვიან გაზაფხულზე მინდოდა მეთქვა,
რომ, მოვეფერე ვაშლის ახლად დაბერილ კვირტებს,
რომ, ნება-ნება შევუმშრალე ცრემლები ვაზებს,
რომ, შევისუნთქე მიწის სუნი და შავი სითბო_
შენ იყავ ჩემთან.

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი