უჩემო ღამე
"ეს ღამე ქვეყნად უჩემოდ მოდის და ისე, ისე მარტოა ღამე..." ზაზა ბიბილაშვილი იმაზე ვფიქრობ_ შემოდგომის იმ მთვარიან ღამეზე, როცა უჩემობას გაყვები ცოლად... გველივით ნელა შეგაცოცდება ახალი საქმრო, მასავით ცივი იქნება და მომნუსხველი. ჯერ კოჭები იგრძნობს სიცივეს, მერე_მუხლები, მერე_თეძო აგიყვება კანკალს გულისას. მუცელი უდაბნოს ქვიშასავით ცხელი გაქვს და, თვალნათლივ ვხედავ: ნებივრობს მომავალი მეტოქე ჩემი. ორდება მერე, რათა ერთბაშად ამოუყვეს ნეტარების წყვილ-წყვილ ბილიკებს. მანამდე კი, ძაღლივით ერთგულ თავის ორეულს, მთვარის ჩასვლისას პაემანს უთქვამს: შეიყრებიან... ჰო, გულის კოვზზე... ეგ არაფერი, ყელზე მაინც თუ ვერ შეგეხო, ჩემი მდინარის სათავე თუ ვეღარ წაბილწა, ალყად გადგას და მონუსხული, თვალებში უმზერ. უკვე მისი ხარ! მისი ხარ უკვე... .......................................................................................................... არც ჭრიჭინები არ შეწყვეტენ ჭირვეულ ჭრიჭინს, არც მზე დარჩება იმიერში_ მოხუცი დამა, დაიბადება სადმე, სოფლად პატარა ბიჭი და სხვა სცენაზე დაიწყება ცხოვრების დრამა. სხვას დაურიგებს რეჟისორი_ცხოვრება როლებს, იქნება წვიმა, ქარი, მზეც და იქნება თოვაც. შენ კი გერქმევა უჩემობის ერთგული ცოლი, და ჩემს საფლავზე ყოველ ღამით სიჩუმე მოვა.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი