წვიმიანი ლექსი


მტბორავს მუსიკა. წვიმს "Secret garden",
"გველის პერანგის" დავიწყე ჩაცმა,
და მინდა_ ისევ_ არაფრით მგავდე,
რომ საკუთარი (დღემუდამ) ჯვარცმა
შენც არ იხილო; იხილო შენც არ:
როგორ გაგლეჯენ ფრჩხილებით ხორცებს,
როგორ კვამლავენ ღიღილო-ზეცას,
და გულზე, ისეც ფაჩუნით რომ ცემს_
დგებიან ფეხით. ადიან ზემოთ.
ჰგონიათ, უფალს მიარტყეს კეფა
ლანჩაზე. თუმცა, კვლავ სისხლის გემო
გაჩრიათ ტვინში... და თოკი წყდება...
არ მინდა, რომ შენც დაგაჭრან ფრთები,
არ მინდა, რომ შენც გადაგცენ ხატზე!
წაიღე (მაინც, აქ არ ჩანს) კდემა
შენი და ჩემი ნაძარცვი განძი_
"სიყვარული" რომ დაარქვეს მავანთ.
წაიღე, გასცდი ამ მგლების ხოროს.
წადი იქ, სადაც ყოველდღე ჩავა
მზე და ამოვა კიდეც... და ქორო
დღეების, სადაც ცრემლს აღარ გადენს,
სადაც მოლოდინს ექნება ფერი
შვიდივე ზეცის... და  "Secret garden"
და მზე და შენი ფერმკრთალი ხელი...

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი