მარტის (უმარტო) ლექსი


ვწევარ. კარს ზურგით აწვება ქარი
და ხველას ლადოს ლექსებით ვირჩენ.
ამაღამ თუკი ვერ მომისწარი,
დილამდე იქნებ ვერც გადაგირჩე_
მკერდში ისეთი დოღია ახლა,
ლაგამაწყვეტილ, ურა რაშების,
შენს შიშველ მხრებზე ნისლივით თალხად
გავიშლები და ნელა ავშრები_
მთებივით ახლოს რომ მაინც მყავდე...
ყოველ რიჟრაჟზე მთამსვლელურ ჟინით
ამოვყვებოდი შენს თვალთმაქც ავდრებს,
შენს ვნების ბორცვზე ამავალ ბილიკს,
მოვედებოდი ძუძუ-მკერდს ხანძრად,
მარტის კვირტივით დაბერილ კერტებს...
და ცამდე ასულს ზვავივით დამძრავს
გრძნობა, რომელსაც სხეულში ვერ ვტევ.
და გვალე-გვალე მიწისკენ მქროლავს
შენი ღიმილი თუ ამყრის ფარ-ხმალს,
შენი ბავშვივით უმანკო წოლა,
შენი წვივების სიცელქის ნახვა.
და სანამ ვნების მინავლულ კოცონს
ისევ აანთებ თვალების ფშვნეტით,
მაგ ყელზე ტკბილად მივნაბდავ კოცნებს,
რომ კიდევ ერთხელ ვიწამო ღმერთი.

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი