უშენობა ..
უშენობაა ახლა ჩემი პატრონ-ბატონი, მკვდარი ჩიტივით გავიტანე გული სახლიდან. სამ ღრუბლის ბატკანს, დათვის მთისგან დაბელ-დატორილს, კორბოულისკენ მიდენიდა ქარი,_ გაყიდდა... ეს დილით იყო, ტყვიისფერი, ახლა, ბინდია. წყვილმზეჩასული თვალებითაც ვხედავ ქიმერებს. ზოგჯერ ბებერი ადიდებულ მტკვარშიც ჰკიდია და ჩემი სიყრმის (ძველ) მეგობარს ჰქვია "დიმერა". უღმერთობაა ჩემი ასე მარტო მიგდება, ღამიდან სულებს გადმოიხმობს სუნი წანდილის. ჩემს სამშობლოში გვირგვინები ისე რიგდება, ეკლის გვირგვინიც ვერ ვიშოვე_ მქონდა წადილი_ (ეს ადრე იყო) ამეღო და მზისთვის დამედგა, და მერე ზეცა მომეფინა მწვანე რტოებით, ანდა_ პირიქით... უშენობის ლეგა ღამე დგას ახლა ჩემში და მკვდრისმზისფერი განმარტოება. გადაგორდება ეს ზაფხულიც საზამთროსავით. ლექსად გიყვები ჩემს ცხოვრებას. მთვარე დაძველდა. ჩემი ბავშვობის ლანდი დამდევს თეთრი ხბოსავით და გალეშილი ქარი ანჯღრევს ღობეს საბძელთან.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი