ქვის ქოხი
ჩემი ქვითკირის ღრიჭოთაგან სიცივე ატანს. აღარ მოხვიდე! დამდევს დამხრჩვალი თოჯინის ლანდი, თვით ვარ ქოხი და ამძვრალ ანჯამებს ვაჭრიალებ, როცა დუმილი ყელში ამოდის. ვიღას ვუმალო, რომ სიცოცხლე (ვიღას ვუმალო!) გუშინ ღამიდან აღარც ლარი და აღარც ცენტი, აღარც გროში ღირს. ღამეს მაზიდებს. თქვი, ხომ თბილოდა (თქვი!) ქოხს შიგნით, გვქონდა ჯაზი და შენს ხელისგულზე დატეული ქულა სიმშვიდე... მთვარე_ ხანდახან. და ერთმანეთის (თქვი!) დაკარგვის ჩუმი შიში და ჩემი ჩარდახი_ მოგონებების, სიზმრების და ოცნებებისთვის. (რომ არც კმაროდა) და როგორც იქნა, როგორც იქნა, ძლივს რომ მეღირსე და მიხაროდა, მაშინ დამიგდე ღიად კარი, მაშინ წახვედი_ მოუხედავად. ახლა სიცივე მიაქვთ ქარებს. ვეღარც გახვეტეს. ვეღარ ხედავენ ჩემი ჩამქრალი დარაბები. ბრმა ვარ. კუტი ვარ. ამომდის ხმაც არ. და შიშჩამდგარი (ჩამომხრჩვალი კატის კნუტივით) მიყურებს სხვა ცა_ ჩემივ თვალებით... დედაბოძს თუ, ვეყრდნობი არგანს... აღარ მოხვიდე! შენ ალბათ ისევ ბროლის კოშკზე ოცნებობ, კარგო. მე_ ქვის ქოხი ვარ.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი