გულაღმა ლექსი


ახლა სიბნელე აწვალებს ფარდას_
კატის კნუტივით.
მე ვწევარ ზურგზე...
ირწევა ნავი, თუ დედის კალთა
და არმაზს უჩანს წაზრდილი კუზი.

მთვარე ჰგავს პურის ობიან ყუას,
თვალები ისევ ნაცრით მაქვს სავსე.
შორს, ნადაბურთან კვლავ მგელი ყმუა
და ცარიელ დოქს ყმუილი ავსებს.

ვერაფერს იტყვი_ იქაც და აქაც,
უთუოდ ყველგან მოყირჭდი ყველას,
ვით საძინებლის თეთრ ჭერზე ლაქა,
ვით პანსიონში მოხუცის ხველა...

დაწუნებული ლექსების ხემსი
ჩაიწყო უნდა, აუყვე მაღლობს,
და ქრისტეშობის (ნანატრი) მსგეფსი
მშრალი რითმები ლოღნო თუ ალღო_

მაგ დაშაშრული, ძირმწარე ენით,
ჯერაც რომ ვერ თქვი მართალი სიტყვა...
თუ ნერვებს მხოლოდ დაწყვეტა შველით,
თუ ზეცას შვენის ფერები მიტკლის,

ფეხს ნუღარ ითრევ მოხურულ კართან!
(ხვდები, ჯვრის დამას დაეცა ტუზი.)
ირწევა ნავი, თუ დედის კალთა
და არმაზს უჩანს წაზრდილი კუზი.

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი