ჯიუტი ბიჭის ლექსი, ანუ - დავაწკაპუნე


ჩამკიდე ხელი
     "თებროლემ კოკა გატეხა"...
                  ხალხური

ჩამკიდე ხელი... ჩემს სოფელთან წყაროა ერთი.
ჩამკიდე ხელი... იმ წყარომდე ერთი ველია,
თვალდახუჭული თუ გადივლი (ჩამკიდე-მეთქი!)_
იქ, სიჩუმეში ხავსიანი ქვებიც მღერიან_
და შესვამ ისე, აგიხდება სურვილი, სულო,
ერთი სურვილი, მხოლოდ ერთი... ხელი ჩამკიდე!
თუ გინდა ქვაზე მივალეწოთ სულელი სურა,
ჩემო თებროლევ, ჩემო თეო, ჩემო... ან კიდევ...
ან, რა აზრი აქვს სახელებს და შორისდებულებს?
ჩამკიდე ხელი! ჯერ მინდვრამდეც ისე შორია,
რომ გულისგულში მთელი გულით თუ არ მეგულე,
მთელი ცხოვრება მოვუნდებით ასე ბორიალს.
ჩამკიდე ხელი, ავიხდინოთ ერთი სურვილი...

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი