ლოგოსი
მინდვრად ბალახის, ქვაზე ხავსის, კედელზე სუროს ზრდის და ამოსვლის ძალას მალავს და მათში ცურავს სიტყვის უთქმელი შიდა მხარე და გარეთ მწყურვალ თვალთათვის უმალ ხილულქმნილი განკაცდა სრულად. სიტყვა, რომელმაც სიმაღლეთა პირველსამყოფლის წიაღნი განვლნა, ცანი განვლნა და იაკობის კიბით დაეშვა იესეს ხის მწიფე ნაყოფზე – ღმერთი კაცის და კაცი ღმერთის წიაღ ამყოფა. ხსოვნის სკნელებში მოგონების შუქით გათოვდა, სიტყვა განივრცო, გავარსკვლავდა, გა-ცა-მნათობდა. ამ ვარსკვლავეთის ცანი მოსცა კაცის შინაგანს, კაცს – ცის სიღრმეში, ცის სიღრმეს კი – კაცში ინახავს. მოედოს ფიქრის ვრცელ მოედანს, აზრის ასპარეზს ცა-მთოვარ-მთიებ-მუშთარ-მარიხ-ზუალ-ასპიროზ. მზის სიღრმეთაგნ ხმა არათუ მოდის აქ ექოდ, არამედ თავად, მიღმა ცათა, ზოდიაქოთა გამოუთქმელი ღმრთეებრივი სიტყვა გამოთქვა, ვარდი გაშალა. ქრისტე აღდგა. ლოდი გაგორდა…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი