სააღდგომო აღსარება


როს აღესრულა მიმწუხრის წირვა,
ლოცვით ამოველ გზები წნული და
სიტყვის ძარღვებში სისხლად ჩავწურე
მზე მოწყვეტილი ბროწეულიდან.
ეს მე ვარ, მე ვარ – ადამ და ევა
მსურს ჯოჯოხეთის სამოთხედ ქცევა.
ეს მე ვარ მკვლელი ძმისა – კაენი,
ხელდასისხლული ეს მე ვარ, მე ვარ.
ეს მე ვარ, მე ვარ მიღმა განედთა,
სად შენი პირველხატი განათდა.
თვით პირველცოდვის ვნებით შობილი,
ეს მე ვარ, მე ვარ ძე შეპყრობილი.
მე ვარ სირცხვილის შვილი შიშველი,
მე ვიცი ერთი სიტყვა – მიშველე!
და ვთესავ ამა სიტყვის ნიადაგ,
სიცოცხლის თესლად ვურევ ნიადაგს,
რომ სამერმისოდ მოვიმკა ენით
ლამექ, იობალ, თუბალ–კაენი.
ეს მე ვარ, ვქრები, ისევ ვენთები,
ყოველ ნაყოფში ვხორციელდები.
ვკვდები, სიკვდილშიც გმინვას ვუნდები,
ვიდრე გმინვითვე კვლავ დავბრუნდები.
ენუქ, ნოემა, ენოს, იობალ!
ეს მე ვარ, მე ვარ – კაცობრიობა.
ხან ძვირად გყიდი, ხან კი იაფად,
ხან იუდა ვარ, ხან კაიაფა.
ეს მე ვარ, ხეზე თუ ავა ზაქე,
დღეს მეძავი ვარ, ხვალ ავაზაკი.
ვალის ამკრეფი, თავად მოვალე
ეს მე ვარ, მე ვარ – ავკეთროვანი.
კაცობრიობის სნეული ძე ვარ,
კაცობრიობა – ეს მე ვარ, მე ვარ.
სამყაროს რიტმულ სუნთქვის გამებში,
შესაქმის პირველ ცხოველ ღამეში
ეს მე ავეშვი გზნებით ველურით,
როგორც პრომეთე და გილგამეში.
ვყვირივარ, ვგოდებ და ვიუწყები,
ეს მე ვარ შვილი შენი უძღები.
დამსმენის ენა – სამარის მთხრელი,
მემრუშეს ხვევნა, ჯალათის ხელი,
ეს მე ვარ მონა ჩემი ბუნების,
ძე მომლოდინე შინ დაბრუნების.
კაცობრიობა – ეს მე ვარ, მე ვარ.
მე დავიწყების ბურუსში ვწევარ.
უგულო აზრთა და ფიქრთა ცქერა,
გულის უფიქრო, უაზრო ძგერა,
არათუ ერთი უბრალო სიტყვა,
მე მტკივა ყველა უსულო ბგერა.
თუმცა მრავალი მელის წვალება,
მჯერა ჩემს გახრწნილ წიაღშიც შეხვალ,
ამ ჯოჯოხეთის ფერისცვალება,
სამოთხედ ქცევა – ეს უკვე შენ ხარ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
მარიკა ახალაიაპედაგოგი3 წლის წინ

სასწაულია😍😍😍

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი