სონეტი - გაქცევა
ნაღველის ბინდში აღესრულა ძველი სპექტაკლი. წარბშეუხრელად იმზირება ამაყი სცენა. სცენაზე, როგორც მეფის გვამზე, ყვავილთა ცვენა და მუქ ფარდებში მოცურავე სული სპეტაკი. მორჩა დიდების ტრაგედია, გაჰქრა ყოველი. მოკვად რიჩარდი, თვით ფაუსტი და დონ ჟუანი. მე არ მინდოდა დიდებისთვის მეთქვა უარი და აჰა, გავხდი მჭკნარ გვირგვინის ბოლო მპოველი. გვირგვინთან დავრჩი განძარცული სულის ამარა, ო, ეს არ არის, რაიც მწადდა, რასაც ველოდი. დრომ ყოველივე განურჩევლად დაასამარა, რაზეც იმედით მე "უსიერ ტყეში" ვმღეროდი. ასე დაფასდა გაუმაძღარ პოეტის ღვაწლი, მთელს ჩემ უბადლო პოეზიას "ერთ ცხენში გავცვლი".
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი