ჩიტები


ვზივარ და ვითვლი მრგვალ
ბაღში დაცვენილ ფოთოლს.
ყვავები ჩხავიან – “ხვალ
გამთენიისას მოთოვს.”
მოთოვს ქლაქში, მის
მთელ სიგრძეზე და განზე,
ვიღაც ჩემ გვერდით ზის,
ფურცლავს დღევანდელ გაზეთს.
მე კი დღევანდელ დღეს
ამ გაზეთივით შავ-თეთრს
ვფურცლავ ცის ყოველ გვერდს,
მასზე დაწერილ ავდრებს.
თითქოს საკუთარ ტანს
ვფრცქვნი და ნამცეცებს ვუყრი
ჩიტებს პურისას, ბაღს
უახლოვდება მწუხრი.
ზამთრის საღამოს მწუხრი,
ზამთრის საღამოს ბაღს
უახლოვდება, ვუყრი
ჩიტებს პურსა თუ ტანს.
აიშლებიან წამს
ფრთების ქნევით და ცემით,
თითქოს წაუღეს ცას
რაღაც ნაწილი ჩემი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი