ჩვენს შორის


ჩვენს შორის მხოლოდ ქუჩები წვანან
და ეზოებში შესახვევები,
რომელთა გასწვრივ დრო და დრო მწვანე
შენს ფანჯარაში დიდი ხეები

იხედებიან, თითქოს ეძებენ 
შრიალში ჩრდილებს საკუთარს, ბინას
ზვერავენ, როცა ბინდი ეცემა 
იმ სარაცელზე რომელშიც გძინავს

შენ ყოველ ღამე, და ყოველ დილა
ჩვენს შორის ერთი ამოდის მზე და
ამოდის ისე მშვიდად და ფრთხილად
რომ ხშირად მზესაც ვერ ვამჩნევთ ჩვენდა

საუბედუროდ მე მაინც მინდა 
შენთან მოვიდე ეზოდან, გზიდან, 
ქუჩიდან, მაგრამ ამ მოლოდინმა
ისე დამღალა - ვეღარ მოვდივარ

გაზაფხულობით, როდესაც უცებ
რატომღაც ვიღაც გიყვარს და წუხხარ, 
შენ კი არ გიყვარს - გაზაფხულს უცემს
გული შენში და გაზაფხულს უყვარს

ის, ვინც არასდროს მე არ ვყოფილვარ
სრული სახით და შეგრძნებით, ყოვლად
არც სარეცელი არ გაყოფილა,
არც თეთრეული - ჩვენს შორის მხოლოდ

უკაცრიელი ქუჩები წვანან
და ეზოებში შესახვევები,
რომელთა გასწვრივ დიდი და მწვანე
იხედებიან სახლში ხეები,

და ახლა როცა ზაფხული დადგა, 
ქუჩებს თავისით სადღაც მივყავარ,
ქუჩებს ვაბრალებ, არ ვიცი რადგან
ლექსებს გიწერ თუ მართლა მიყვარხარ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი