ტყე
ტყე ტაძარივით იყო მაღალი ეს ტყე ხშირი არის, მაგრამ ნათელია თითქოს ტაძარია, თითქოს ათენია, ტყეში უვნებელი ცეცხლის ხანძარია ყოველ გამთენია როცა მზე ამოდის, ჩასვლა მდუმარეა - აქ ხომ იშვიათად ვინმე სტუმარია. ფხიზლად მთვლემარეა, თუ დანისლიანდა. უსასთუმალოა მისი სარეცელი. გზები ცარიელი მუდამ წრიულია, სუნთქვა განიერი სუნთქვა გონიერი - სუნთქვა იოლი აქ. დავათვალიერე - ტყეში მრავალია ხეთა კონფესია: ეს ხე ლაოძია, ის ხე - კონფუცია, ნაყოფმა სიმწიფით ტოტი ჩამოწია, ხვავი მოუცია. ტყეში იზრდებიან ზმნების საწყისები, სიტყვის საწყისები, სიზმრის საზრისები, ოქროს საწმისი, თუ უფლის სასმისია - ხმაა ამ ტყისებრი, ექო ამ ტყისებრი დროში უწყვეტია, ვისაც არასოდეს არ მოუწყვეტია მსგავსი რამ სიტყვები, ტყე, თუ სასიტყვეთი, ეს უცხოეთია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი