ქუჩები წვიმით გადაიფარა


ქუჩები წვიმით გადაიფერა

და შემოდგომამ მოხურა კარი

გამოთხოვების ყვითელ სიმღერას

ვიოლინოებს ურიგებს ქარი.


მაღალი ჭიქა სავსეა ისევ,

ცისფერ მუსიკით და შეცდომებით

დაცლი და მერე თავიდან იწყებ

განმეორებით და მონდომებით.


და მთელ სხეულში დაფანტულ ნერვებს

სული გადაქსოვს, როგორც ობობა

გადანათებულ სარკმელის მერე

არის სიჩუმე და მარტოობა.


შენს მოგრძო თვალებს და ფართო თვალებს

ქუჩა ათასგვარ ჩრდილებით ავსებს

და მოგონება დღეისთვის მსგავსი

საღამოსავით მკრთალდება ასე.


ქუჩები წვიმით გადაიფერა

და შემოდგომამ მოხურა კარი

გამოთხოვების ყვითელ სიმღერას

ვიოლინოებს ურიგებს ქარი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი