ქაშუეთის წინ ..


ქაშუეთის წინ
ლოთმა სანდრუამ
არაყის ფული
მთელ დღეს აგროვა,
მერე
დაუსხეს დიდ ჭიქაში და...

_ ადამიანი მაინც მარტოა!
მიდგა კუთხეში
სიტყვის უთქმელად
და სავსე ჭიქას
ცოტა ადროვა,
მერე გადაკრა სულმოუთქმელად...

_ ადამიანი
მაინც მარტოა!

ნუ მეკითხები
ასე რატოა:
ვინ _ ვინ ჩაწიხლა,
ვინ _ ვინ დატოვა,
როგორც კი ცოტას წაიფორხილებს
_ ადამიანი,
უკვე მარტოა!

არ უნდა ამას
დიდი მიტინგი,
ჭკუათმყოფელმა,
ვინც კი სანდოა,
იცის, ყალბია ბევრის ტიკტიკი,
_ ადამიანი
მაინც მარტოა!

მავანი ისევ ფეხს აბაკუნებს,
მავანი ისევ
მხოლოდ ღადოა,
დრო მაინც ყველას
კუთვნილს არგუნებს,
_ ადამიანი
მაინც მარტოა!

ზოგს ნინო უყვარს,
ზოგს ქეთევანი,
ზოგისთვის გონჯიც ბრიჯიტ ბარდოა,
ვის დაფნა ერგო,
ვის სატევარი,
_ ადამიანი
მაინც მარტოა!

ზოგს აიაზმა ასვეს, აპკურეს,
ზოგს დავიწყების
თოვლმა ათოვა,
სიბერე კარს რომ მოაკაკუნებს...
_ ადამიანი
უკვე მარტოა!

ქვეყნად რამდენმა
ხატა, აშენა,
სიტყვა და ფერი მოაჯადოვა,
ისევ ოცნების გადასარჩენად...
_ ადამიანი
მაინც მარტოა!

თუ ვინმე დიდი
კაცი გამოჩნდა,
თუ ვინმე
ერის სადიადოა,
_ გახსოვთ, პოეტი როგორ გადმოხტა?
_ ადამიანი მაინც მარტოა!

წუთისოფელი
თავის გზით მიდის,
თვალსაწიერიც უფრო ფართოა,
ყველამ ჩახედოს
საკუთარ სინდისს,
_ ადამიანი
მაინც მარტოა!

ჭიქა-ღვინოზე
თავის შექცევით,
ფიქრებს, რომლებიც სახიფათოა,
ვაი, რომ მაინც ვერ გაექცევი,
_ ადამიანი მაინც მარტოა!

მე ჩემის თავის
არც რა დარდი მაქვს,
მაგრამ არ ახსოვს
მრავალ დარდიმანდს,
დრო იყო,
ძმა-ძმას საფლავს უთხრიდა,
დრო იყო,
კლიტე ეპყრა შადიმანს!

ვის რაში უნდა ჩემი ტრაბახი
ან აყვირებით,
ან გაყუჩებით?!
_ `გარჩენილი ვარ ქვებზე კალმახი
და ახეული მაქვს ლაყუჩები!~
განწმინდეს,
ნათლეს,
რა არ იღონეს,
ეშმაკმა მაინც არ მიატოვა,
(ვწერ
უკვე ბევრჯერ ნათქვამ სტრიქონებს)
_ ადამიანი
მაინც მარტოა!
რაც უნდა აშრო
ბედის ხორბალი,
ბოლო არჩივი
მაინც ქატოა,
ფიცარი ფუყე და გამომპალი...
_ ადამიანი მაინც მარტოა!

მე ჩემსას ვიტყვი,
გინდა მომკალი,
_ სამყარო,
აი, რაც უზადოა!
ცაზე ოცნებით ვარსკვლავთ მომმკელი _
_ ადამიანი
მაინც მარტოა!

... ქაშუეთის წინ
ლოთმა სანდრუამ
არაყის ფული
დიდხანს აგროვა,
_ მერე,
რა მერე?
`მერეს~ ლოდინში...
_ ადამიანი მაინც მარტოა!

ცა მოწყენილი და საავდროა,
დგას მობუზული მთვრალი სანდრუა,
და ეკითხება
გამვლელ-გამომვლელს: _
_ ახლა რა დროა?!
ახლა რა დროა?!

არც მიფიქრია
თქმა რამე ახლის,
მე რა თავს ვახლი
ასე რატოა?
მიდის ქუჩაში კაცი და ძაღლი...
_ ადამიანი მაინც მარტოა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

2 კომენტარი
მგელაძემამხილებელი4 წლის წინ

შე საწყალო ჯერ ვერ მიხვდი რომ ''პოეზია''შენი საქმე ისე,როგორც ''ინტელიგენუშკობა''- არ იყო! და არასდროს ყოფილა!? /ძაღლის ამონაყეფი და ოცნება - პოეზია და ერისკაცობა გეგონა !?-ბიძინოვიჩ,ჰაააა დარჩი ძაღლივით მარტო,როგორც შენზე შენი სტრიქონები! ჩაურტყი ეხლა 100გრამი!

სოსო თოლორაიაფსიქოლოგი2 წლის წინ

ლოთობასაც არაუშავს მთავარია ბავშვი იყოს ჯანმრთელი. ამინ!

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი