VIA DOLOROSA
“ღამით მაძღრები დაწვებით…” ვაჟა …მივყვები უხმოდ ამ ვიწრო ქუჩას, აქეთ და იქით ახორხლილა ჭრელი დახლები, ვერცხლის სურებით, ფარდაგებით, კრიალოსნებით… ირგვლივ ტრიალებს მოხალული ყავის სურნელი… - “ხალას”: არაბი კვლავ მთავაზობს ჯვრებსა და ხატებს, რადგანაც მიცნო, მიმამგვანა, ვარ ქრისტიანი! - ვარ კი ნამდვილად?! მე ნათრევი ავაზაკებში, ამ ქვეყნით ტკბობას დაძალებულ-დახარბებული, სტომაქის მონა ფეხმორთხმული და კუზიანი?! - გვიანღა არის, მეგობარო, აწი თვითგვემა, მოახლოებულ სიკვდილის შიშით!.. - Via dolorosa მე არაერთხელ გამივლია ამ ვიწრო ქუჩით. ახლაც აქა ვარ და ჩემს თავს ვტირი. - რა მოკლე გზაა გოლგოთამდე, რა მოკლე გზაა! - ვის არ უვლია ამ ქვაფენილით, რომ პატიების შვება ეგრძნო, ჩამოეხსნა ცოდვის ხურჯინი! ან რა შეიგნო, რა გაიგო ადამის მოდგმამ? - პირიქით, უფრო გამხეცდა და უფრო გაავდა! ტაბუდადებულ სკივრებიდან ამოყარა, გაამზეურა, ამაზრზენი, მღვრიე სიზმრები… …და მეჩვენება: მეც იმ ბრბოს მივდევ, ვინც წყევლა-კრულვით, ქვების სროლით სდია მაცხოვარს, სანამ არ გაძღა ცოდვის ხილვით, ჯვარცმის ყურებით!.. - ო, რაბი, რაბი! ბარაბაა ყველა ჩვენგანი, ჩაჩერებული პირდაღებულ საფლავის მიწას!.. - Via Dolorosa! …ამ ვიწრო ქუჩით გოლგოთამდე ისე მივიდა, საყვედურიც არ დასცდენია! მხოლოდ ჯვარზე, ჯვარზე გაკრულს აღმოხდა მწარედ: - “ელი, ელი, ლამა საბაქთანი!”" ეს იყო და ეს… …და დაჰკიდა ეკლიანი გვირგვინით თავი… - ვის, ვის დასცდება ვინ იტყვის, რომ მოინანია? სხვის დასანახად მორწმუნენო, ქრისტიანენო! უფალს მაშინ თუ გაიხსენებთ, როდესაც გიჭირთ, მუხლზე დადგებით პირჯვრის წერად: - “ღმერთო მიშველე, მიშველე და დამიფარეო!” ხოლო როდესაც მიუსხდებით შემწვარ ერკემალს, ან ძუძუს ლოშნით ნაღვინევ და დორბლიან ბაგით, - სად არის ღმერთი? რად არ გახსოვთ მაშინ უფალი?! მეც თქვენნაირი ღორი ვარ და მიტომაც ვტირი, ჩემს თავს ვტირი, ჩემს თავს ვტირი, მარად მშიშარი!.. მე, ძვლების გროვა, ნაცოდვილარ ხორცით ასხმული… - ტყუილია, ტყუილია ის სათნოება, და ეს სიმართლეც ტყუილია, თქვენ რომ მთავაზობთ! ნაღდი, გულწრფელი, თეოა მხოლოდ, - საწყალი თეო! ტრიალ მინდორში ხეზე ასული, რომ გაჰყმუის მთელ სამყაროს: - “ქალი მინდა, ქალი მინდაო!” - Via Dolorosa …მე ვერ ვივარგებ, ვერ ვივარგებ აღსარებისთვის. გვიანღა არის აწ თვითგვემა მოახლოებულ სიკვდილის შიშით… P.S. არ დაგნამვიათ ღაწვები მოყვასის მონატრებითა. - “ღამით მაძღრები დაწვებით, დილით მშივრები დგებითა!” ცრემლებში ამონაწები ცოდვა გდევთ დაბადებიდან… - “ღამით მაძღრები დაწვებით, დილით მშივრები დგებითა!” არც შუბლზე ზეთის წაცხებით არ იხარჯებით ბეჯითად, - “ღამით მაძღრები დაწვებით, დილით მშივრები დგებითა!” მხოლოდ მაშინ ხართ მაგრები, თუ იმყოფებით კრებითად… - “ღამით მაძღრები დაწვებით, დილით მშივრები დგებითა!” მუნ სხვისი სევდით დათვრებით და არა გახარებითა. - “ღამით მაძღრები დაწვებით, დილით მშივრები დგებითა!” მეც ღვთის გლახა და საწყალი, ავაზაკებში ნაგდები, ღამით დავწვები მაძღარი, დილით მშიერი ავდგები! …ვაი, რომ მწიფდა ნიადაგ ცოდვით დამტკბარი მტევანი - ვაი, რომ დამაგვიანდა გულმკერდზე მჯიღის რტყმევანი…
წყარო: arilimag.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი