ჩაიხანა
აღმოსავლური სურათი გაყვითლებული სათირა ჩიფირითა და ანაშით, ტირის და თარსაც ატირებს ჩახუთულ ჩაიხანაში. მოხუცი აბდურახმანი ძვალი და ტყავი გამხმარი, ზის და კუპრივით ჩაის სვამს, ეს არი მისი სამხარი!.. უნახავს მთაში `ბინები~, ზვავის ზარი და ჯახანი, ყიზლარს ყივილი ყინვების და ქარბორბალას ხარხარი... კართან დაბმული ვერძია, ვერძი კი არა – არხარი!.. – ადგა, თავის გზას ეწია, თავისი ბარგიბარხანით. წავიდა, წაიყოლია, თავის ბებრული ზრახვანი... – საწყალი აბდურახმანი, ძვალი და ტყავი გამხმარი!.. არც ნაიბი ვარ არღუნის, არც ვინმე ამილახვარი – პატივი მიტომ მარგუნეს, მიცნეს, არა ვარ ამ მხარის! მიღიმის ოქროს კბილებით პატრონი ჩაიხანისა, და მკითხავს: – ხომ არ ინებებთ ცხვრის დუმასა და ჰარისას?! ღაწვზე ნაჩეხი ატყვია ჩხუბში მოქნეულ დანისა, – დმანისელ თათარს ვამგვანე, მაგრამ რამ გაადმანისა!.. გარეთ თავგადაპარსული ბიჭი აწვალებს სახედარს, – თარიც მეამა, ფარსულიც, ბაასი მეინახეთა. განფენილია სოსანის ფერი მიწაზე ფარდაგი... ვით ქარვის კრიალოსანივმარცვლე მტევანის ბადაგი!.. არ მინდა მე სხვა ნირვანა, კმაყოფილი ვარ ამითაც, – თითქოს შარაზე შირვანის შიმუნვარები დამიდის!.. ცაზე ვარდია შირაზის და შემოდგომის ამინდი, –მე კი ვზი ნოხზე ინახით ძველ აღმოსავლურ ყაიდით!.. სხვაგვარად იჯდა ნიადაგ ჩემი გვარი და ჯილაგი, ...თავიდან ამეკვიატა შორი შაირი შირაქის: – – ლეკი ხარ, მაინც ლეკი ხარ, იმამ შამილის ლეკვი ხარ!.. სანამ სატევარს დამკრავდი, სახელი მაინც გეკითხა!.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი