ბილიკი შენამდე
ჰო, მართლა, ყველას არ გაუღო კარები, ისეთი კარგი ხარ, ღმერთსაც ვერ ვენდობი, იმ უშნო წუთებსაც ნუ აეკარები, რა იცი, უმიზნოდ სად დაგვათენდება და წადი და მხოლოდ უთქმელად, უფიქროდ, მას მერე მე ისე მაშინებს ფიქრები, ჰო, მართლა, თუ შევხვდით, უბრალოდ, ვუცდი-თქო, ვიღაცას ვუცდი-თქო და ალბათ, ჩაქრება ჯიუტი იმედი და წამომინდება საღამო სიკვდილის, სიცხის და წვალების, სულშიც რომ შემოდის მტვრიანი ამინდი და შენი თვალები, სიზმრები, თვალები და წადი, შენ წადი, მე უნდა გიყურო, მე უნდა გიყურო თვალების დათხრამდე, რომ გზაში ნიავიც არ გადაგეყაროს, რომ ყველა ტკივილი მორჩეს და გათავდეს. შენ წადი.. კარგია, როდესაც მიდიხარ და ქარი თმებსა და სურვილებს ედება, ახლა მე ვიცინებ, ვიცინებ დიდი ხმით და აიშლებიან დამფრთხალი მტრედები. ჰო, მართლა, სიცილი არ გადაგეყაროს, როგორმე ავიტან უმიზნო მოლოდინს და წადი, შენ წადი, მე უნდა გიყურო, მე უნდა გიყურო, გიყურო ბოლომდე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი