მაშინაც წვიმდა თუმცა


მაშინაც წვიმდა, თუმცა, ნაძვებში,
მხოლოდ ნაძვებში, მხოლოდ ქუჩებში,
მე ხელზე მედგა შენი ალერსი
და წვიმა იყო ჩემზე უხეში.

მერე დამითმე ცივი თითები,
მერე მაჯები, მზერა, ღიმილი
და ისევ წვიმდა, ალბათ, ბევრისთვის
ცოტა უაზროდ და სიმძიმილით.

ჩვენ კი წვეთების ხმებზე ვცეკვავდით,
სულს მიკაწრავდი თვალის წიწვებით,
მარჯვენა ხელში წვიმა მეკავა,
მარცხენა მკლავზე ზაფხულს ვიწვენდი.

შევცდი კიდევაც, ერთგან თუ ორგან,
მერე უეცრად აგვებნა გზები,
ერთად გახსენი შუბლი და ქოლგა,
წვიმას კი სურდა შუბლიც და თმებიც.

მაშინაც წვიმდა, თუმცა, ნაძვებში
და მე ვფიქრობდი სულ სხვა წვიმაზე,
წვიმს, მომენატრა შენი ალერსი,
წვიმს, იმის მერე, ალბათ, მეასედ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი