ირიბად გახევენ


ირიბად გახევენ სამოთხის ყორნები
თვალებში ნოემბრის ნაცრისფერ ცდუნებებს,
მე ვიცი, რომ მოხვალ ეჭვებით, ყოვნებით,
მე ვიცი, სიზმრები კვლავ დაგაბრუნებენ.

დაგვათრობს ყორანთა ძახილის ჯავარი,
დავყვებით ხეივნებს, რომ ისევ შეღამდეს,
მეტყვი, რომ რაღაცა დაკარგე მთავარი,
რომ ისევ შენა ხარ ბილიკი შენამდე.

მთვარე კი ამოვა რაღაცით ახალი
და უფრო ლამაზი, ან უფრო თავხედი,
რომ გულში ჩვენც ვიგრძნოთ ყორნების ფართხალი,
რომ ბოლოს ერთმანეთს სიშიშვლეც გავხადოთ

და თმებად ჩამოვლენ ზეციდან ყორნები
და უხმოდ დავყვებით სამოთხის ცდუნებებს,
ცხადია, რომ მოხვალ ეჭვებით, ყოვნებით,
ცხადია, სიზმრები კვლავ დაგაბრუნებენ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი