ულამაზოა ახლა გაქცევა, ულამაზოა ..


ულამაზოა ახლა გაქცევა, ულამაზოა
და ერთადერთი,
თორემ ჩამომდგარ ცარცის ვაგონებს, შენში ჩამომდგარ
ვაგონებს-მეთქი,
თორემ ბავშვობა - ესეც კეთრია, ესეც არ იყოს
და არც ფანჯრები,
ორშაბათს მაინც უხმოდ გეტყვიან, ორშაბათს მაინც
უხმოდ დაჯდები
და მიუფიცხებ უამურ ღამეს, უამურ მზერას,
უამურ სიზმრებს,
შენი სიკვდილი, როგორც სუფიქსი, გარინდებისას
გაკლდება ისევ.
ულამაზოა ახლა დარჩენა, უკვე წააგე,
უკვე დანებდი,
უკვე მოვიდა ღამე საშენო, ყველა გრძედით და
ყველა განედით.
უკვე მოვიდა სპლინი საშენო, ცოტა ხნის წინათ
თავს რომ ირთობდი,
დიდი ცოდვების დიდი სიჩუმე რომ დაგერღვია
ბოლოს თვითონვე
და მოგექსოვა პატარა მითი, პატარა მხარე
და საყვარელი
და თავმომწონედ მოკაკვე თითი და გადაფარე
ძველი ვალები,
რომ გადაუსვი ყველა ხაზს ხაზი, ყველა აზრს აზრი,
ყველა ღმერთს ღმერთი,
რომ ცოცხალია ბებერი ჩარლზი, რომ ნაზად მოკვდა
ძვირფასი ჰეთი.
ულამაზოა ახლა მარტი და ულამაზოა
და უსათუო,
ქუჩაში მიდის ვიღაც მატილდა, ვიღაც ფატმანი,
ვიღაც ხათუნი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი