დამბაჩები


ერთ მშვენიერ დღეს... კარგად მახსოვს, სექტემბრის ბოლოს,
მანდ, ბაისიკლში, მშვენიერი დღეებიც იცის
და შეღამება, სიგიჟეა ბულბულის სოლო,
ოქროს გალიით რომ მოგართვით და რკინის ფიცით.

ო, დამიჯერეთ, აზრებსა და სტრიქონებს შორის
ამ მცირე წერილს უზარმაზარ სინანულს ვურთავ,
ჰოდა, მისტერ შ, თუ დარჩებით ქალაქში, მგონი,
ერთ მშვენიერ დღეს გააბოლებთ დამბაჩას გულთან.

რაც შემეხება, შეერია ღამეებს ქერტლი,
მე ვწერ ჩვეული სიდინჯით და ნაცნობი კოდით
და უძილობით ვიტანჯები, უარესს გეტყვით,
სიბერემ უკვე ჩაიარა, სიგლახე მოდის

და რა თქმა უნდა, ძლიერ მიჭირს და ძლიერ მიჭერს
პროსპექტი, როგორც ბავშვობაში ნაქონი ჩექმა.
ამ გულჩვილობას ნუ გაანდობთ ადოლფს და ბიჭებს
აქტრისა `ზეტის~ შაბისფერი თვალების ლექმა

წუხელ კინაღამ გადამრია, ლირიულ ჩანართს
თქვენც მიმართავდით ცხოვრებაში და ჩვენში მოკვდეს,
ხან უსათვალოდ ვარსკვლავებიც რომ აღარ ჩანან
წუხელის... ღმერთი კეთილია, ხანდახან, მოკლედ.

მაგრამ მისტერ შ, კარგად გახსოვს სექტემბრის ფარჩა,
აქ, ბაისიკლში, თუ დავრჩები, ნამდვილად ვიცი,
ერთ მშვენიერ დღეს გაგიჟდება ჩემი დამბაჩა
და შემომაყრის შემონახულ დორბლსა და სიცილს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი