ზამთრის დივერსია


სხივებმა ფოთლების ბოლო ნაპულსარი
ნისლებს შეაწმინდეს, სქელსა და მიწიანს,
მოკვდე შეიძლება, მზე ისე შორს არის
და სველი ხეები სველ ხელებს იწვდიან

ქალაქში, მთებიდან, როგორც დივერსია,
ეწყობა ნისლები, აქ, როგორც სარჩევში,
სიკვდილის მოძებნა უმარტივესია
(ბევრიც რომ ეცადო, მაინც გადარჩები).

ლონდონში ნისლები უფრო სქელ-სქელია,
ვენაში გავუშვი ყველა თადარიგი
და ფლამინგოები სანგრებს შესცქერიან,
ეს კი საშველია, შენი ბადალი კი

არ არის, არ არის, არ არის, არ არის
და კიდევ არ არის, დილავ, საზიზღარო,
რადგან სამარიდან ასე მისავალი,
სუსხი ჩემს ოთახში უნდა ასისხამო.

ჩვენ კი, საქართველო, ერთმანეთს ყოველთვის
ასე ვექცეოდით, რადგან მოგვისაჯეს
სქელი ჯაჭვების და ტანჯვის ეგზოტიკა,
ჯვრების ეგზოტიკა, კიდევ, ზოგისათვის.

ახლა სისრულეში მოდის განაჩენი,
რამდენ სისაძაგლეს კიდევ შევეგუეთ,
ბევრიც რომ ვეცადოთ, მაინც გადავრჩებით,
ზამთრის პროლოგია ახლა შენებური

და შენს სიბნელეში სველი ხეებიდან
სიკვდილის დანახვა უმარტივესია
და სქელი ნისლები, ცუდი დღეებივით,
ეწყობა ზედიზედ, როგორც დივერსია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი