წაწალი
ეს ზღუდე ისე მკვეთრია და ისე ბასრი – ხანჯლის პირივით, თვალის გახელა არ მჭირდება. არარსებულ სიმართლეში არსებობის გამართლება თვალთმაქცობაა. შენ კი ცდილობ დამარწმუნო, თითქოს, გხედავდე, როცა გახებ დეფორმირებულ თითის ბალიშებს. როცა თითების ფეხაკრეფა ფერმკრთალდება ვარსკვლავებივით ნისლის ღამეში ვნების ცხელ კანზე გადაკრული ჩრდილის ფენა როცა მკვეთრდება, ეს იგივეა: მე უგრძნობი ვარ (რაც ისედაც იგულისხმება ჩემი ხერხემლის მყისიერ და დრეკად ფრჩხილებში). ეს სურვილის მოძრაობაა. თითქოს თითები ერთადერთი ადგილია სამუდამო მეხსიერებით. შენ კი ცდილობ დამავიწყო აჩემება – სურნელს ვძერწავდე. იის მდელოს აკაციის მტევნით მიცვლი – თავი მტკივა და თითების დეფორმაცია. როგორც შეხება, როცა ყველა მზრუნველობა მამა ქრონოსის მზრუნველობაა. თვალდახუჭული მდინარე ვარ. არ შეიმჩნიო. არ მაღელვებს – გაფანტული ყურადღება ყურის მიღმა მიედინება სადენებში დამწყვდეული დღეებივით მოკლე ჩართვამდე. როგორც ძარღვებში. როგორც ლტოლვა მიზიდულობის ეროტიკული სიმსუბუქით დამძიმებული. სარკმელმა შიგნით შემოაბიჯა. ნიშანია: უკუნეთში გათენება ვივარაუდო. წინადადება – ჩემს ოთახში ჩაკეტილი მყარი ჰაერი, როგორც წყალი გაუვრცობელი – აბსურდია – მარტივი და თან – ქვეწყობილი. წაშლილ დროს და ჩარჩენილ ღელვას შემინული უძრაობის უამრავ ნატეხს მანეკენების მსუბუქ ფიქრში – გალატეას მღელვარებად ვერასდროს ვაქცევ, ვეღარ გავახელ დაკენტებიდან დაწყვილებამდე ერთადერთ ნაბიჯს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი