როგორ წავიდნენ,როგორ....
როგორ წავიდნენ, როგორ მიმაგდეს, ტუჩზე დაცლილი ღვინის ბოთლივით, თუკი დავიცდი, ვიცი, დილამდე იშრიალებენ ალვის ფოთლები. მე მეტი ღვინო სულ არ მინდოდა, აღარ ვუნდოდი, ალბათ, ღვინოსაც, ისე წამიღო უამინდობამ, ლამის დაკარგულ სულზე ვილოცო, ლამის ვინანო, ლამის ვიტირო, ანდა დავწყევლო შენი გაჩენა, ანდა ციებამ შემომიტიოს შენი სიკვდილის გადასარჩენად. ცალკე ეს თოვლი, ეს ქარი ცალკე, როგორ დავღონდე, რაღა ვიღონო, იქნებ ფიცივით გავტეხო სარკე და ვინმე სხვაში გამოგიგონო და ვინმე სხვაში ვიძიო შური თვალებზე, თმებზე, თმებზე, თვალებზე და დავუბრუნდე დაგმობილ ფიქრებს და დაკარგული სულის ხარვეზებს. უბრალოდ, რაღაც გასართობს ვეძებ, როგორ წავიდნენ, როგორ მიმაგდეს, თუკი დავიცდი, ფოთლები ხეზე იშრიალებენ, ვიცი, დილამდე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი