თოვლი


თითქოს კვლავ ვხვდებით საათით ადრე
და ხვდები, წუხელ რომ შემაცია,
რომ ავეკარი ბაღებზე ფანჯრებს,
რომ ბაღებს შენი კაბა აცვია.

თოვლში მოვალო, არასდროს გითქვამს,
მე ყველა ფანტელს ვენაცვალები,
ჰაერი შენი კაბაა თითქოს
და ფანჯრებს სტკივა შენი თვალები.

ცხადია, სადღაც მაინც მიწყრები,
დილაა თოვლის და ცოტა ღვინის,
მინდა, გავიქცე და ცივ ფიფქებში
მოვიკლა შენი თითების ჟინი.

ფიქრები ფიქრებს ხელს რომ უშლიან
ალბათ, თოვლისთვის არის სულერთი,
ალბათ, ეს თოვლიც ჩიტის გულშია,
ალბათ, ვოცნებობ ჩიტის გულისთვის,

მაგრამ თუ გაწყდა დღეების ზოლი,
გულში გაჟონავს სიცივის გესლი,
ოთახში მოვა მუხლამდე თოვლი
და ჩემს სიცოცხლეს თოვლივით გესვრი.

იცოდე, თუკი შემომრჩა რამე,
სულ ერთიანად წავაგო მინდა,
რომ შევარჩიო ერთ-ერთი ღამე
და შენს თეთრ კაბას დავაჩნდე ბინდად.

თოვლად მოვალო, არასდროს გითქვამს,
მე ყველა ფანტელს ვენაცვალები,
ჰაერი შენი კაბაა თითქოს
და ფანჯრებს სტკივა შენი თვალები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი