თეთნულდი
რვა მარტს უკვე მკვდარი ვიყავი, - გადაამოწმეთ, თუ არ გჯერათ, ნახეთ ზარები... ასე რომ არა, ჭორაობას ვინ მომასწრებდა, - საათობით ვეკიდე ხოლმე!.. "ელიზას" ჰკითხეთ ბოლო-ბოლო, კატები გრძნობენ სიკვდილსაც და მიწის რყევასაც, პირველს უფრორე... ასეა, ალბათ, ცხრა სიცოცხლე როცა გექნება, ცხრა სამსალას როცა გამოსცლი, სულ ფეხებზე რომ დაეცემი!.. არ მომაკაროთ ცრუ და ყალბი ჭირისუფლები, ზღურბლთან მწუხარე პირისახით რომ დადგებიან, არც ძმა და არც და! ნურც კუბოსთან დაჯდება ვინმე, მხოლოდ მფარველი ანგელოზის სკამი დატოვეთ! და ჩამოხსენით ეგ ფარდები, ჯერ რა ფერია, მერე როგორ ცერად ჰკიდია!.. ახლა დაგვიან, დარეცხავენ, გადაღებავენ... ნათურასაც გამომიცვლიან, - იმიტომ არა, რომ მჭირდება, უფრო იმიტომ, რომ ჩემს კუბოს არ წამოედოს ვინმე სულსწრაფი, და იმიტომაც, რომ ცოცხლებს ღამის ეშინიათ, ღამის და სულის ამოხდომის, რომელსაც ახლა მხოლოდ ჩემი „ელიზა“ ხედავს ჯიბის სარკეში და ღნავის, ღნავის... "ელიზაც" ხომ მარტის კატაა! (სექს-ბლოკატორის გაკეთება მაინც მომესწრო!..) მე მოვკვდი აგერ, - ცხოველს - ობოლს - ვიღა მიხედავს?!. 12.03.2015
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი