სემს
აუქშიე სამოთხის ჩიტებს, ისინი ყურებიან ქუდებში ბუდობენ და გრძელი წამახული ნისკარტებით უჭირავთ დაჩვრეტილი მთვარე და ელვის ჭიპლარზე გამობმული დედამიწა - ქანქარა - და აქაურთა გათოშილი ხელები და დახუჭული თვალები - თებერვლის წვიმებით სავსე. აუქშიე სამოთხის ჩიტებს, მწვანე მხოლოდ მწვანეა - (ალბათ...) და თეთრი მხოლოდ თეთრია - (ვითომ...) და ყვითელი - ჩვენი ვერდატეული ფერი სიგიჟის თითებს შორის ჩამოშლილი ქვიშაა და მთაში დამალული ოქროა და ზღვაში ჩაძირული გემია, რიფზე მიბჯენილი ფილტვებით... აუქშიე სამოთხის ჩიტებს, უთხარი, რომ მაშრიყით მაღრიბამდე და აქაც, თმაგაწეწილი ქარების ველზე, სადაც მარტოობა შაჰრაზადას ბაძავს და მუცლის ცეკვით ართობს სიზმრებში შემოპარულ დევებს, ერთადერთი ღმერთია და მას პოეზია ჰქვია!..
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი