სიზმრის ქირომანტია


წუხანდელი სიზმარი:
დაორთქლილ მინაზე მიხატული ზაფხული,
მტვრიანი თავებით გაძეძგილი ომნიბუსი
მზეში...
მაწანწალა ძაღლები დაათრევენ ძვალს
და მკბენარები იკბინებიან ძაღლებივით...

ბედ-იღბლის გამყიდველი ბოშა.
არაფერი მესმის ჩემი ხელისგულის,
არც საკუთარი თავის - მთლიანობაში.
მიხსნის -
მთვარის ბორცვზე გაბნეული ვარსკვლავების განლაგებას,
- სიცოცხლის ხაზი -
ახალკანგაცლილი გველივით -
წყდება ვენერას მინდვრებთან ახლოს.
არცერთი ნაოჭი მაჯაზე.
მისმენს -
დაკოჟრილი ცერით პულსზე,
კარგი ექიმივით:
- ჩქარობთ.
- ომნიბუსი უხვევს.
- თქვენი სიცოცხლის ხაზიც...
- საით?
- დატალღულ ბეჭედში გადის.
- გაუჭირდება...
- რატომ?!.
- მიჭერს დატალღული ბეჭედი...

არაფერი მესმის ჩემი ხელისგულის,
არც საკუთარი თავის -
მთლიანობაში.
ვგრძნობ -
დილის მზე იკბინება ძაღლივით...
ხორკლიან სხეულს მიათრევს გზატკეცილი.

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი