უშენობის ლექსი
ესეც ახალი ავადმყოფობა, მე კი მეგონა, პინოქიოს ცხვირზე დავკიდე სიყვარული და ამის მსგავსი ზიზილ-პიპილო. დევს მაგიდაზე „კრომბახერი“, მწარე პილპილი და ჩემი თავი - შენზე ფიქრით გაჯერებული. (ოფლი მოსდის დაორთქლილ მინას...) თბილისს ჯერ სძინავს, სძინავს რუსთავსაც, თუმცა წამით ადრე იღვიძებს. აბა, მე რა მჭირს?! – გადავვარცხნე ყველა ღრუბელი და მთვარის სარჭით მივამაგრე ტყეს და მწვერვალებს. (სხვა მზე ელვარებს...) მოუსვენრობაც ხომ ცოდვაა, და უფრო მძიმე, როცა ხანდახან მტკვრის ზედაპირს ვათვალიერებ, როგორც უცნობი მხატვრის ტილოს გამოფენაზე. და იქვე, ტილოს ქვედა მხარეს, გაკრული ხელით: “Izola del amore e del sole”*. მოდი, დავტენი უშენობით თოფს და მესროლე!.. თუკი ერთბაშად დაიძირა ყველა კუნძული, და მზე ყოველი ღრმა უფსკრულში გადაიჩეხა, - სიყვარული შემრჩება შენი.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი