წუხელის ..


წუხელის
ღია ფანჯრებიდან
(დამრჩა ეტყობა...)
შიშველი თოვლი შემოსულა
და ქართან ერთად აუკლია კოჭლი მაგიდა.
აქეთ ღვინოში ჩავარდნილა,
იქით - წვნიანში,
სიგარეტის ფერფლით გამურულს
კედლის სარკეშიც ჩაუხედავს,
- როგორი ვარო? - უთქვამს ქარისთვის.

ქარს სად ეცალა?
გადაჯღაბნილ ფურცლებს წეწავდა,
ლექსებს ლექსებზე კითხულობდა, -
ეს ”შეცდომაო”,
ეს ”ლებნებიო”,
ეს კიდე ”ლურჯი სისოვლეო”...
გაბრაზებულა, -
აქაც უჩვენოდ უმღერიათ -
უქართოვლოდო...

ის იყო მერე,
სიცივემ რომ ამაძაგძაგა...

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი