მუზის პასეანსი
ჩამოვარდნილა მთვარე, როგორც ნაფოტი ხმელი, ქარო, ნუ ანჯღრევ კარებს, მუზის მოფრენას ველი. მუზა არ დალევს ყავას, ქვაზე მიაბამს გლისერს, ახლა ჩემს თავში თავად ეშმა მოიტეხს კისერს. არც ღვინოს დალევს მუზა, ჭერზე პასეანსს გაშლის, ქალღმერთს მუხლებზე უზის თურაშაული ვაშლი. დამა მოგკლავსო, მეტყვის, უთუოდ ყვავის დამა, იერი აქვსო ვეფხვის, ტანზე იცმევსო ლამას. თვალები - მფრთხალი ნუკრის, ხმა აქვსო ტკბილზე ტკბილი... მუზა ფეხს ქოშში უყრის, მიჰყვება მთვარის ბილიკს. მთვარე ბაცი და მქისე მოჰგავს შარშანდელ სიზმარს, რა ქნას? - დაბერდა ისევ, ვერ არჩევს წრეს და პრიზმას... ჰე, მთვარევ, მორჩი ქსოვას, შენც სუ, ბორიოვ, ნუ ჰქრი... მალე სამთავე მოვა: ვეფხვი, ლამა და ნუკრი.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი