უძილობის სეზონი


შენ რომ დასახლდი
ის კუნძული
სინამდვილეში ცისფერი ვეშაპის ზურგია
ქოლგით და წვიმიანი მარტოობით,
რომლითაც გაძარცვული ტყეები
ზამთრის დეფილეზე გამოდიან.

ახლა უძილობის სეზონია...
ცივა
და ლექსებში გათოშილი მეთოვლიები სახლდებიან.

ოდესღაც პონტ-მარის ხიდზე
კელაპტრებით ხელში
მე და შენ ერთმანეთი გვიყვარდა.

მას შემდეგ ფოფოდიების საღამოზე დავდივარ,
ჩალის ცხენების დოღზე,
ინტერნეტ-სივრცეში ნერვიულ კურსორს დავაცეცებ,
შენს გვერდებს ვპოულობ,
თოვლის ზეწარივით ცარიელს...

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი