გეოგრაფიული ეროსცენები


ყოველთვის მიყვარდა გეოგრაფია,
განსაკუთრებით ფიზიკური:
თითქმის გაყვითლებული რუკა,
ერთმანეთზე გადასული ნახევარსფეროებით,
შეუმჩნევლად გაყოფილი
წრფივად დაშვებული მერიდიანით -
შენი გარუჯული დუნდულები
გვერდებზე განასკვული ბიკინებით.

ყოველთვის მიყვარდა გეოგრაფია,
განსაკუთრებით ფიზიკური:
საჰარა...
ორი სიმეტრიული ბარხანა,
მაღალი პალმებით მოჩრდილული -
შენი ტროპიკული ლიფი,
ფუმფულა მკერდზე წამომჯდარი.

ყოველთვის მიყვარდა გეოგრაფია,
განსაკუთრებით ფიზიკური:
წყლის ნაკადს, რომელიც სიმაღლიდან ვარდება, ჩანჩქერი ეწოდება.
საქართველოში ბევრი ჩანჩქერია,
მაგრამ სულ სხვაა შენი ქვიშიანი თმების
მომნუსხველი დინება
და შენი მოუსვენარი თითები -
აღმა მცურავი ორაგულები...

ყოველთვის მიყვარდა გეოგრაფია...

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი