თორმეტივე საათის მიმართულებით


სდექ!
ციცინათელებივით როდი ანათებენ ეკლიანი მავთულები,
არც საკვნეტის გარეშე იჭრებიან.
ახლოს თუ მოხვალ, დარწმუნდები,
რომ არ არსებობენ უხილავი თოკები,
ბეწვის ხიდები და აბრეშუმის ძაფები, -
ისინი დაწვეს.
მერე სავსე მთვარე ჭიპლარით დაიჭირეს
და დედამიწას გამოაბეს,
რათა უკანასკნელი ომის დაწყებამდე
სატელიტზე გახსნილი სისხლის ბანკი
წითელი ყინულებით გადაივსოს.

სდექ!
ყველა მინდორი დანაღმულია
და ფერდობზე შეფენილ ყველა წიფელს
შაჰიდის ქამარი არტყია
და უჰაერო მღვიმეებში ჩადიან
აირწინაღებით აღჭურვილი ყვავილები.

სდექ!
რადგან ყველა საზღვარი პირობითია
და ჩვენი ჩრდილებიც
გადახრილი ანტენების ჩრდილებივით
პირობითად კვეთენ ერთმანეთს
უკანასკნელ ომში,
სადაც აუღებელი ციხესიმაგრეები,
ფესვგადგმული ლოდსატყორცნები
და მოსიარულე გვამები
ირწევიან.

სდექ!
გამომშრალ კანში ყვითელი ტალახი შეიზილე
და წაჭრილი თითები ცარიელ მჭიდში ჩატენე.
მოიძიე მტერი -
საკუთარი თავი -
და ერთადერთი თითი - საჩვენებელი -
ჩახმახს გამოჰკარი
ცისკენ...

სდექ!
წინ სამხედრო პოლიგონია
და გენერლის ფორმაში ჩაცმული ფიტულები
გადამფრენ ფრინველებს შესცქერიან,
ვიდრე უკანასკნელი ომი დაიწყება
და მე და შენ ამ ომში წავალთ.

სდექ!
გუშინ ეკლიანი მავთულები გავიხადე
და გაფოთლილი ხეები ჩავიცვი
და ტყე-ტყე ბილიკ-ბილიკ ვიარე
და ვიცი, რომ
პირველი საათის მიმართულებით,
და ორი საათის მიმართულებით,
და სამი საათის მიმართულებით,
და თორმეტივე საათის მიმართულებით
ჩასაფრებაა,
და ჩასაფრება მურტალია,
და ჩვენ მაინც წავალთ
და დავლევთ
წყალს,
წყალს თუ არა - სისხლს,
სისხლს თუ არა - ღვინოს!

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი