მერე კი თურმე ..


...მერე კი თურმე 
ყველა სახლი პატარავდება, 
არც საწოლია საკმარისი, 
აღარც საბანი. 
(ასე სამფეხა სკამი მახსოვს, 
პაპის პაპის ნაქონი სკამი, 
ხან ერთ კუთხეში მიაგდებდნენ, ხან - მეორეში, 
ნაგვის მანქანას არ ატანდნენ, - 
ენანებოდათ!) 
ნუ...
ნუ ჩააბარებთ დედიკოებს თავშესაფრებში. 
ეს არც ქუჩაა, 
საღამომდე იდგე, უცქირო, 
და მერე თეთრი მზე აიჭრას
თვალში რძესავით. 
ეს არც კუბოა, 
აწიო და მხარზე შეიდგა. 
რა მოხდა მერე, 
თუ არ ესმით, 
თუ ვერ ხედავენ,
თუ ყნოსვაც არ აქვთ... 
"ვთქვათ, ასანთს გაჰკრეს "ცეოორით" სავსე ოთახში..."
(დოს მარილი რომ დააკლდება!)
ნუ...
ნუ ჩააბარებთ დედიკოებს თავშესაფრებში,
გაუმზეურეთ პერანგები და ხალათები, 
ბოლომოჭმული თავსაფრები 
გაზაფხულებით...
ნუ დაუფრთხობთ ჭიამაიებს 
და 
დიდი ხნის წინ გამოცლილი სუნამოს შუშა
არ გატყდეს, ფრთხილად!
ნუ...
ნუ ჩააბარებთ დედიკოებს თავშესაფრებში.
და არაუშავს, 
გამორეცხეთ ღამის ქოთნები - 
უხმოდ, 
მოთმენით!.. 
ყველა ქოთნიდან 
ბოლო-ბოლო სურო ამოდის
და წვიმის წყალი ჟონავს ხოლმე 
სახელურიდან.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი