ამულეტი
დედას დედი, საბანი დამახვედრე, ფოთლებიანი, აპრილში ცივა ღამ-ღამობით, აბაშის პირას, სადაც წისქვილი ფქვავს და აფრთხობს უბელო ცხენებს. დედი, წამალი ჩამინაყე, შუბლი მაქვს ცხელი... ვღელავ, ვბორგავ, ვდარდობ ისევე, როგორც მაშინ, რკინის საწოლთან, როცა მომქონდა ხმელი პური, ქილა მაწონი, და ღიმილი - ბუტაფორია - ფარავდა ჩემში შიშს და ცივი ზამთრის მოლოდინს... დედი, ბოლომდე გაუძელი, ხედავ, ფანჯრიდან შემოდის მზე და მიუსაფარ ჩრდილებს ამშვიდებს, აყუჩებს ონკანს... წუხელ სამება დამესიზმრა და დედამოკა, ქვიშის მოედანს დაჰყურებდა ცრუ ეშაფოტი, დედი, სარკეში ვხედავ სიკვდილს, მოდის და მიდის, მიდის და მოდის, მას მისი სევდა მიაქვს, დედი, ჩვენ - ჩვენი ლოდი, გლუვი და მძიმე... დედი, საბანი დამახვედრე, აპრილში ცივა, აპრილში ქვები ძველ წისქვილთან ბაძავენ თევზებს, იძრობენ ხავსს და შიშველ ტანზე იყრიან კოპლებს, დედი, ერცახუ რომ აალდა, მე მაშინ მოვკვდი... მე მაშინ მოვკვდი, შენ რომ თმები მოგკვეცეს, დედი, რომ მოგახვიეს შიშველ ყელზე ყვითელი კაშნე, მერე კი ქარში ფრიალებდა დაჭრილი კაბა... სულ უფრო გგავარ - გულით, ნეკნით, ფრჩხილით, თვალებით... წინ მიდევს შენი ამულეტი - ნიჟარის მძივი... დედი, საბანი დამახვედრე, ჯერ კიდევ ცივა, ჯერ კიდევ ძალზე ცივა, დედი, აბაშის პირას.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი