თეთრი ხალათები
თებერვლიანებს ამ არენაზეც - (პირობითად) მავთულხლართები - ეკლიანი - ჩვენ მოვიგონეთ, რათა შემდეგ თორმეტი ხელით გადაგვეგრიხა მზეებისკენ და თეთრ ხალათებს შერჩენოდა მზისფერი სისხლი. (ის თვითონ გასხლავს მსხმოიარეს, უნაყოფოსაც...) ჩვენ - გაბზარული თვალებით და ხელისცეცებით ვეძებთ ერთმანეთს ამ არენაზე (პირობითად) „ქუჩაშიც, მტვერშიც...“ ჩვენ წაქცეული ბავშვები ვართ, ასფალტს რომ შევრჩით მხოლოდ ლექსებით, ნიჟარებით და ორთქლმავლებით მკედზე და მკერდში - სულ სხვა ცეცხლით, რომელსაც უნდა დღენიადაგ უბერო სული, რომელსაც უნდა შეულოცო წინაპრის მსგავსად: „არ ჩაქრე, ცეცხლო! არ ჩაქრე, ცეცხლო! ნუ იქნები მხდალი და ნავსი..." ჩვენ - შეშლილებმა - ერთ გულისთქმას ამოგაყოლეთ ამ არენაზე (პირობითად) ახლა კი ვდგავართ თოვლზე სპეტაკი ხალათებით, როგორც ის იდგა მდინარეში, როცა ნათლავდა თვალგაუხელელ ერს და მერე ჯებირს გადაღმა, სადაც სუყველა ზეთისხილი ერთად გადახმა, გააკრეს ჯვარზე... და ნათელ შუბლზე - გვირგვინი ეკლის... არ იყო რკინის მავთულხლართი პალესტინაში მაშინ და თეთრი ხალათები არ ეცვათ გიჟებს, იქ გიჟი იყო სულ სხვა კიზი, სულ სხვა კამიუ და ისიც ასე ჩურჩულებდა, წინაპრის მსგავსად: „არ ჩაქრე, ცეცხლო! არ ჩაქრე, ცეცხლო! ნუ იქნები მხდალი და ნავსი..." ჩვენ - შეშლილებმა - ერთ გულისთქმას ამოგაყოლეთ ამ არენაზე (პირობითად), სადაც დარჩენა სიკვდილია უთუოდ, მაგრამ ათმაგად დიდი სიკვდილია წასვლა, თან ისე, ვერ მიხვდე მოსვლის, ანდა წასვლის მიზანს და მიზეზს... (თუმცა, ეს იმას, ფილოსოფოსს, სტრაბონს და ნიცშეს...), ჩვენ სათქმელს ვამბობთ ხმამაღლა და ყოველთვის პირში: დაანთეთ ცეცხლი! არ გამოგრჩეთ მოფრენა მერცხლის! მერცხლები ფრენენ (ცნობისათვის) ღრუბლებთან ახლოს, დარია როცა, და როცა წვიმას დააპირებს მიწასთან, ქოხთან... რა მოხდა მერე, მერე რა მოხდა, თუ არ გვაქვს ფრთები?!. თორმეტი ფრთა გვაქვს, დააკვირდით, თორმეტი აფრა, ყველანი აქ ვართ - ამ არენაზე (პირობითად) „ქუჩაშიც, მტვერშიც...“ ჩვენ წაქცეული ბავშვები ვართ, ასფალტს რომ შევრჩით...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი