ა თ ი - მ ც ნ ე ბ ა (ომიდან ახალდაბრუნებული ჯარისკაცის დასაწერი)
შენ ხარ უფალი ღმერთი ჩემი და არა იყვნენ, ღმერთი უცხონი აქ ჩემდამი შენსა გარეშე, მახსოვს უფალო ზედმიწევნით მე შენი სიყრმე, დედამიწა რომ გეზრდებოდა მკერდის არეში და ჩემი თავის კერპი ვქმენი დაბადებიდან და ვემსახურე საკუთარ თავს შეძლებისდაგვარ ზნე-ჩვეულებით, თუმც პირველი ვიყავ თემიდან ვინც გამოვიდა და არ ვიცი ახლა ვისთან ვარ, სად ვარ და რა გზებს, რა ამაო ბილიკებს ვვარცხნი, ბედმა სხვაგვარი ბილიკები როგორ მაჩვენა, ჩემი ეშმაკი ისევ ისე მხარზეა მარცხნივ და სამწუხაროდ აღარ შემრჩა მხარი მარჯვენა, რომ ანგელოსმა პასუხები გამცეს კითხვათა, ჩემმა წარსულმაც უამრავი კითხვა დაბადა, მე აღარ დამხვდა დაბრუნებულს ის ვინც მიყვარდა და საფლავებთან მიღამდება უკვე შაბათი. პატივი ეცი დედასა და მამასა შენსა, ექვსჯერ მოკლულა დედაჩემი და მამაჩემი, სულ ერთია და სისხლი მინდა წყალივით შევსვა, ჩემი სული კი უსხეულოდ გადანარჩენი - კაცის-კვლას ცდილობს, მკარნახობს და ვეღარ ვიოკებ სურვილებს, ისე მეჩვენება ხანა ირიბი, ვტირი შიგნიდან და ხრიალით ვიწყვეტ იოგებს, როცა სიზმარი უკან ახვევს იმ თვეს ფირივით, იმ ნოემბერში სადაც მრუშნი იპარავენ და სადაც მპარველნი მრუშობენ და არის ქაოსი, სადაც სუნი დგას მიწანაკლულ სასაფლაოსი, სადაც აბელი მისით მიდის თხოვნით კაენთან, რომ დაიღალა, რომ დამთავრდეს, რომ სწამოს ცილი, ო ღმერთო ჩემო, ღმერთო, ღმერთო და კიდევ ღმერთო, მე ამ ლავიწის ძვალივით რომ გამიტყდა ძილი და საშინელი სანახავი რომ მქვია ერთობ, როგორც შიგნიდან, გარედანაც ისეთივე და უარაფერო ამ ბოლო ხანს ვსუნთქავ კომპასით, თვითმკვლელობა კი ავიხირე ბოლო იმედად, რადგან არ შემრჩა არც მტერი და აღარც მოყვასი. წავალ, ჰო წავალ დაიხსომე, ოღონდ იმ დილით, როცა გახმება სხვის მიწაზე ჩემი მარჯვენა, მაგრამ იცოდე ამნაირი ჩემი სიკვდილი, არ გამოდგება დედამიწის გადასარჩენად და ვცხოვრობ ასე საკუთარი თავის მხილებით, დაკეცილია ჩემი ბედი, ჟამი, წიგნი და ათი მცნებიდან მე ათივეს ვიცავ კბილებით და ბოლოს მაინც ათი მცნება მარღვევს შიგნიდან. მახსოვს უფალო ზედმიწევნით მე შენი სიყრმე, დედამიწა რომ გეზრდებოდა მკერდის არეში, შენ ხარ უფალი ღმერთი ჩემი და არა იყვნენ, ღმერთი უცხონი აქ ჩემდამი შენსა გარეშე....
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი