ვილაპარაკოთ


მსგავსი დღეების უსაშველო დარჩა ატანა,
დეე, გადაწყდეს ისე როგორც ღამემ განაგოს,
მოდი ჩემთან და ამ დუმილის გასაფანტავად,
თუნდაც სულ მცირე, ამინდებზე ვილაპარაკოთ.

ვილაპარაკოთ - როგორ ფეთქავს დილა კვირტივით,
წვიმის წვეთებში მზის სხივები როგორ ეტევა,
იცი, მე ახლაც შარშანწინდელ ამინდს მივტირი
და ეს ტირილიც მენანება გასამეტებლად.

ვილაპარაკოთ, შენს უმანკო სულთან მიმიშვი,
თორემ დრო ცდილობს სურვილები თავად ალაგმოს,
ვილაპარაკოთ - სიყვარულზე მთელი სიგიჟით
და მოდი მერე სიგიჟეზე ვილაპარაკოთ.

ვილაპარაკოთ, დანარჩენზეც, ბევრი მხილებით,
სხვებს როგორ უყვართ, როგორ სძულთ ან როგორ ელიან,
როგორ არიან ანგარებით ერთად წყვილები
და ანგარება ჩვენთვის როგორ არაფერია -

რადგან პროცესი დასრულდება მაინც გნიასით,
დაგეგმილ გრძნობებს ჩვეულებრივ ვეღარ განაგებ,
ვილაპარაკოთ - ერთადერთხელ პოეზიაზეც -
ან შენ მისმინე და მე მარტო ვილაპარაკებ...

ვილაპარაკოთ - უსაფუძვლოდ, უხმოდ, უმიზნოდ,
თორემ დრო ცდილობს სურვილები თავად ალაგმოს,
ვილაპარაკოთ, მაგრამ მოდი ისეც ნუ ვიზამთ,
რომ არაფერი აღარ დაგვრჩეს სალაპარაკო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი