ზამთრის წინასწარ
ზამთრის კლავიშმა მიუშვა მინორს, ჰანგები თოვის შევიდა სოლოდ, სიცარიელე დააჯდა მინდორს და მოიქნია მწვერვალზე ბოლო. შეადნა ღამე თებერვალს, დღისით კაცები თოვლში ბილიკებს რგავდნენ, სიზმარში ყოფნას მოჰგავდა ნისლი და ასე თოვდა მიწიდან ცამდე. ცრემლის ბურთივით ვიდექი ყელში, არღვევდა ფიქრი იანვრის მოტივს და ისე ახლოს მეჩვენა შეშლა, რომ თოვლზე მეტად მე თვითონ ვთოვდი. ცალფეხშიშველი მირბოდა გოგო, გათოშილ ხელებს უცვლიდა გუნდას, შემდეგ ბავშვობა მომინდა როგორც ჩემს ბავშვობაში დიდობა მსურდა, შემდეგ ამინდში ვიცანი ღმერთი, გარეთ კი თოვდა მიწიდან ცამდე და მაშინ მსურდა რომ მეთქვა შენთვის როგორ მიყვარდი და როგორ მწამდი . მარტი თებერვლის ლოგინში იწვა, მზემ შეისუნთქა ყინულის ბოლი, ქვემოდან მიჰყვა და მერე მიწას, თეთრეულივით გადასძვრა თოვლი!...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი