მარტისტი


როგორც ეს წელი, ეს ქალაქი, ეს მარტიც მოხდა.
შეხედე ცას და თვალებიდან ახალი ცა შვი,
ვიდექით ერთად სიყვარულის აბსტრაქტულ ქოხთან
და შენს სხეულში წვიმასავით დაიწყო ბავშვი.

გაგვათბო წვიმამ, თითქოს ციდან წვეთავდა ღმერთი...
და როგორ ჩარჩა ჩემს გონებას ყოველი სიტყვა,
და როგორ მაშინ ვერაფერი ისეთი ვერ ვთქვით,
რაც კი დუმილის საოცარი ინტიმით ითქვა.

დღეს ვიცი მთელი ქონებაა სიცოცხლე შენი,
გფიქრობ და თითქოს დაფიქრებაც გამომდის ფრთხილად
და მაშინ ვხვდები - ორსულობა იმგვარად გშვენის,
როგორც წითელი რიბირაბო აღდგომის დილას.

როგორც ეს წელი ეს ქალაქი, ეს მარტიც... გესმის -
ვეღარ აუდის ჩვენს სიშორეს, დღეებს, მანძილებს,
როდესაც ხელში გაგზავნილი გიჭირავს ლექსი,
სწავლობ ზეპირად და შვილივით ხელში აძინებ,

რომ გავაღვიძო!...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი