ნინოს
ზიხარ ფანჯარასთან სახით ლოიალურ, გარეთ წვიმებია, შიგნით წყვეტილები, რაღაც სასაცილოდ ტირის როიალი, რაღაც სასაცილოდ წვიმს და მეტირები. კედლის კალენდარზე ზამთრის ფორმატია, თეთრი სუფლიორიც მალე მოგვაკითხავს, შენ კი იმით ჰგავხარ ახლა რომანტიულს, წვეთიც რომ არ არის შენში რომანტიკა. სურს რომ დედამიწა ტანზე დაგახაზოს, ისე სადისტია ჩემი ამბიცია, ოცდათვრამეტი და კიდევ სამი ხაზი, ანუ ავად ვარ და ანუ ამიწია – სიცხემ, საკუთარი თავის ემიგრანტი, მერქვა დეკემბერიც სისხლში მიჟონავდა, მაგრამ გეფიცები რაც შენ შემიყვარდი სიცხეს გულის მხარეს აღარ ვიზომავ და... - რაღაც სასაცილოდ ტირის როიალი, რაღაც სასაცილოდ წვიმს და მეტირები, ზიხარ ფანჯარასთან სახით ლოიალურ, გარეთ წვიმებია, შიგნით წყვეტილები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი