ოლივერ!
ყველაფერი ირევა ახლა ჩემი გულივით, დედამიწა დაბერდა უკვე ჩემო ოლივერ, მზე არის და არც არის, ერკელიობს სეზონი, აწი შენს პოეზიას ხელს შეუწყობს თოვლი ვერ, იწყებიან წვიმები ყოვლად უმიზეზონი, ჰოდა ლექსი დავწეროთ, ერთნაირი ორივემ... კარგად მოგვეხსენება, ცუდად მოსახსენებიც, ვარდისფერ გზის მაგიერ მიაშურეს ლელიანს, ნაბიჯებით ჩუმი და ნაბიჯებით მეფური, პოეტებმა რომლებიც დაფნის გვირგვინს ელიან, ჩვენც ხმას ვეღარ ვიღებთ და ვიზრდებით და ეგ არი, თორემ ძმაო, პატარა, - ღმერთიც საყვარელია. (როგორც ვატყობ ეს ლექსი ამოხეთქავს წესისებრ, და მტერი გყავს მოსაჟლეტმოსავერლიბრებელი, სამშობლოში რუსთველის, სამშობლოში გალასი, ასე იყო მუდამ და გაგრძელდება ყოველთვის, მაგრამ შიგნით შეხედე და გწამდეს რომ პალაშით მოსა-რითმ-ვინიერე... - ბელი არის პოეტი) ასე ჩემო ოლივერ, იმგვარად თუ ამგვარად, რაღაც უნდა ვიღონოთ გახსნილად და სატირით, სანამ ამბიციები ისევ ჩვენში დამცხრალა, სანამ უფრო გაზრდილა შედეგი და ზარალი, მოდი თვითმარქვიების სულაც დედა ვატიროთ, ვინც ჯვარს იწერს ხომ იცი ყველა მერი არ არის და დრო მაინც აფასებს ყველას თავისებურად, აწი ჩვენს პოეზიას ხელს შეუწყობს თოვლი ვერ, მზე არის და არც არის ერკელიობს სეზონი, ჰოდა ლექსი დავწეროთ ერთნაირი ორივემ, იწყებიან წვიმები ყოვლად უმიზეზონი, დედამიწა დაბერდა უკვე ჩემო ოლივერ!...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი