საბას!..
ჩვენ ვიბადებით ერთმანეთის გადასარჩენად, უფალს კი ვგლოვობთ, ჩვენივ ხელით ჯვარზე მილურსმნულს, მამ, ღმერთსაც სურდა მისი თავის - მშობლად გაჩენა და იშვა იგი დედამიწის ძილისპირულზე... გვყავდა ეშმაკი, იმთავითვე, მხარზე მარჯვენა და მარცხენა მხარს დაჰყურებდა მუდამ ზემოდან, მამ, ღმერთსაც სურდა მისი თავის - შვილად გაჩენა, ერთ დღეს ისიც რომ მამასავით შეჰყვარებოდათ... ხალხს კი სიცილად არ გვყოფნიდა, თუმც ამ განაჩენს ვითავისებდით და პლანეტა იყო შილიფი, მამ, ღმერთსაც სურდა მისი მამის - ღმერთად გაჩენა, რადგან ვიღაცას ჰყვარებოდა ისიც შვილივით... ვწერ და ვაგროვებ სტრიქონ-სტრიქონ დროთა ნარჩენებს, ოთახში ბრუნავს შენი სუნთქვა როგორც ზეფირი, მამ, ღმერთსაც სურდა მისი თავის ლექსად გაჩენა, რადგან ვიღაცას რომ ესწავლა იგი ზეპირად... ვერ მოვახერხეთ... არც არავის, არც მე, არც შენ არ შევგეძლო მთელი დედამიწის ზეცით შეკონვა, მამ, ღმერთსაც სურდა მისი თავის - ღმერთად გაჩენა, რადგან ჩვენსავით - უფალი რომ მასში ეპოვნა... . ასე ვფიქრობ და... ცაჩაკეტილ აზრებს ვაჭენებ, როცა წარსულში ვმოგზაურობ სულის ჩემოდნით, მამ, მეც მინდოდა ჩემი თავის მშობლად გაჩენა და შენც გინდოდა ალბათ ერთ დღეს რომ გამჩენოდი!.......
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი