საკუთარ თავს, სოფელს, წინაპართა საფლავებს


ძველ ჯიხურთან რომ გადახვალ მესერს
და ხვდები ღამეს ზამთრის ასტრალზე,
იქ ნახავ -
წარსულს თუ როგორ თესავს
ერთი პატარა ნამონასტრალი.
ნახავ -
საფლავებს, არის სახლებიც,
მიმობნეული გუმბათის ჯვრები,
უყურებ ცას და ისე ახლოა,
ხვდები რომ ტაძარს ეჭირა მხრებით.
ქვები ორსულებს ჰგვანან და შუკა,
თითქოს ნაყოფად იმკიდეს მოცხარს
და ისე მინდა შემხვდეს მოძღვარი,
რომ მეტაფორას წავიღებ უკან...
მაგრამ სოფელი დაყრუვდა თითქოს
და ჭაჭანება ეძებს კაციშვილს,
აღარც სტუმარი არც მასპინძელი,
ემერდინზე რომ სუფრას გაგიშლის...
გადაუხურავს სოფელს წვიმის ცა
და მორჩილდება ამინდის მეფეს,
გამთენიისას ძაღლი ყივის და
შეღამებისას მამლები ყეფენ,
ყეფენ თავიანთ წარსულს, რომელიც
შემცირებული დარჩა ტირაჟით -
ხალხის!...
და სოფელს თუ რა მოელის,
წყდება ჩვენი და უფლის წინაშე,
მაგრამ რა გითხრათ, რით გაგახაროთ,
ვწერ და ამ სიტყვის ვდგები თავდებად -
პანთეონად რომ იქცეს სამყარო,
მე მაინც თქვენთან დავსაფლავდები!...

წყარო: litklubi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი