სიზმარი
თქვენ გახსოვთ ალბათ ძვირფასო ზიზი, პორტო ფრანკო და წყვილი ქარაგმა, გაგეცინებათ და წვიმის ზიზღი ქალაქში ისევ წვიმამ ალაგმა. ჩანდნენ ქოლგები, გრძნობათა მოტივს - არ ჰქონდა არსი, წვეთების დენთიც სკდებოდა ზღვაზე და ჩანდა ფლოტი და მახსოვს ზიზი რომ კარგად წერდით. შეგეძლოთ ვრცელი საუბრის ასხმა, მე კიდევ ბევრი დუმილი გკადრეთ, გიყვარდათ მზე და ასე ჩემს მსგავსად დაკარგეთ მამა ძალიან ადრე. ვერ დაბადებულ ჩემს თავს ვტიროდი, წვიმდა წარსულის წვიმა ვითარმედ, თქვენ ერთობოდით სანაპიროთი და მე ბავშვობა გადმომითარგმნეთ. დროც თქვენი ხასიათივით მოლბა, თუმც ყველაფერი იყო თამაში, წუხელ კი მაინც მესიზმრეთ ქოლგით, ცისფერ კაშნში და მწვანე კაბაში.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი